საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ტრამვაი, მოტოციკლი, ავტომობილი.